ახალი ამბები

პუტინი მეორე მსოფლიო ომიდან 77 წლისთავს უკრაინელ ვეტერანებს ულოცავს

8 მაისი, 2022 • 1301
პუტინი მეორე მსოფლიო ომიდან 77 წლისთავს უკრაინელ ვეტერანებს ულოცავს

კრემლი ვლადიმერ პუტინის მიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უცხო ქვეყნების ლიდერებსა და მათ ხალხს „სამამულო ომში“ გამარჯვების 77 წლისთავს ულოცავს.

მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტი ცალკე გამოყოფს უკრაინელ ვეტერანებსა და ხალხს, და მათ მიმართავს. პუტინი, რომელიც ორ თვეზე მეტია უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, უკრაინელ ვეტერანებს და ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ „დაუშვებელია იმ ძალების რევანში, ვისი იდეოლოგიური წინაპრებიც სამამულო ომში დამარცხდნენ“.

კრემლის განცხადებით, მილოცვის ადრესატებს შორის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები მათ შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი თურქმენეთი, უზბეკეთი, საქართველო და უკრაინა არიან ასევე, პუტინის მილოცვა მიიღეს დე-ფაქტო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებშიც:

„დღესდღეობით ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ ხელი შევუშალოთ ნაციზმის აღზევებას, რომელმაც ამდენ ხალხსა და ქვეყანას ტანჯვა მოუტანა. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე ომის წლებსა და მოვლენებზე, საერთო ღირებულებებსა და ძმური მეგობრობის ტრადიციებზე“ – წერს ვლადიმერ პუტინი.

დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო სახალხო რესპუბლიკებისთვის გაგზავნილ წერილში პუტინი გამოყოფს, რომ ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომში, რუსეთი ახლაც მხარდამხარ იბრძვის მათი მიწის „ნაცისტური სიბინძურისგან“ გასათავისუფლებლად და დარწმუნებულია, რომ როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათ მხარეს იქნება.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი