დღეს, 8 მაისს თბილისში უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით აქცია გაიმართა სახელწოდებით „არა რუსულ ნაციზმს“.
აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“. კამპანიის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე.
“ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
აქციას შეუერთდა „დროა“ და მისი ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას თქმით,8 მაისი ისტორიაში დარჩება როგორც არამხოლოდ ნაციზმის, არამედ რაშიზმის დამარცხების დღედაც:
„დღეს ის დღეა, 8 მაისი როდესაც უკრაინელი და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად. დღეს, უკრაინის ბრძოლა გვესმის, რომ არის ასევე ჩვენი ბრძოლა. 8 მაისი პუტინს უნდოდა ყოფილიყო 9 მაისი და ყოფილიყო მისი გამარჯვების დღე. 9 მაისი იქნება მისი მარცხის დღე. 9 მაისი უკვე არის მისი მარცხის დღე, რადგან უკრაინამ ცივილიზებული სამყაროს დახმარებით ჩაუფლავა ყველა გეგმა. ამიტომ, 8 მაისი დარჩება ისტორიაში, როგორც ნაციზმის, ასევე რაშიზმის დამარცხების დღე“ – თქვა ელენე ხოშტარიამ.





“ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.




აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ასევე იმღერეს პოპულარული უკრაინული სიმღერა „ჩერვონა კალინა“, რომელიც უკრაინის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
