უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში უკრაინის პირველი პირი ქალაქ ბოროდიანკაშია, სადაც რუსულმა მხარემ ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბა.
„შეიძლება გაზაფხული იყოს შავ-თეთრი? შეიძლება თებერვალი უსასრულოდ გაგრძელდეს? ოქროს სიტყვები გაუფასურდა? სამწუხაროდ, უკრაინამ იცის პასუხი ყველა ამ შეკითხვაზე. სამწუხაროდ პასუხია – „კი“.
ყოველ წელს 8 მაისს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად პატივს მივაგებთ ყველას ვინც პლანეტას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმისგან იცავდა. მილიონობით დაკარგული სიცოცხლე, გაუფასურებული ბედისწერა, გატანჯული სულები და მილიონობით სხვა მიზეზი უთხრა ბოროტებას – აღარასოდეს!
ჩვენ ვიცით ფასი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ამ სიბრძნისთვის გადაიხადეს. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და შთამომავლობისთვის გადაცემა. მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ჩვენი თაობა ამ სიტყვების შებღალვის მომსწრე გავხდებოდით. სიტყვების, რომელიც როგორც ჩანს, ყველასთვის ჭეშმარიტება არ არის.
„აღარასოდეს“ – წელს ამ სიტყვას განსხვავებულად ვამბობთ. ის მტკივნეულად ჟღერს, ძახილის ნიშნის ნაცვლად, კითხვის ნიშნით. აღარასოდეს? უთხარით უკრაინას ამის შესახებ. 24 თებერვალს სიტყვა „აღარ“ წაიშალა. მას ესროლეს და დაბომბეს ასობით ჭურვით დილის 4 საათზე, რამაც მთელი უკრაინა გამოაღვიძა. ჩვენ გავიგონეთ „ისევ“.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მმართავს და მათ ყურადღებას ნანგრევებზე ამახვილებს, სადაც ერთ დროს იქ მაცხოვრებელი ადამიანების ფოტოები ეკიდა. ზელენსკის თქმით, მხოლოდ ქალაქ ბოროდიანკადან ნაციზმის წინააღმდეგ სულ მცირე 1000 ადამიანი იბრძოდა. ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქის 50 მაცხოვრებელი გერმანიაში იძულებითი შრომისთვის გაგზავნეს, 100 ობით სახლი კი გადაწვეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაშინ ბოროდიანკას მაცხოვრებლებმა ეს მსხვერპლი გაიღეს ნაციზმის დასამარცხებლად, რათა ეს აღარ განმეორებულიყო:
„წარმოიდგინეთ ადამიანები მიდიან დასაძინებლად ამ სახლებში. ერთმანეთს ღამემშვიდობისას უსურვებენ, შუქს აქრობენ, მათთვის ძვირფას ადამიანებს გულში იკრავენ, თვალებს ხუჭავენ, რაღაც ესიზმრებათ და სრული სიჩუმეა. ისინი იძინებენ იმის ცოდნის გარეშე, რომ ყველა მათგანი გაიღვიძებს.
მათ სასიამოვნო სიზმრები ესიზმრებათ, მაგრამ რამდენიმე საათი აფეთქება გააღვიძებს, ზოგი კი ვეღარ გაიღვიძებს, ვეღარასოდეს.მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ, სიბნელე დაბრუნდა უკრაინაში და სამყარო ისევ შავ-თეთრი გახდა. ისევ! ბოროტება დაბრუნდა. სხვა სლოგანის ქვეშ და სხვა უნიფორმით, მაგრამ იმავე მიზეზით“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, 77 წლის შემდეგ ბოროტება ხელახლა დაიბადა და ეს ყველა ქვეყანას ესმის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და მიუხედავად ახალი ნიღბისა, რომელიც „მხეცმა“ მოირგო, ისინი კვლავ ცნობენ მას. განცხადებაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ნაცისტური გერმანიის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს. მათ შორის, ზელენსკი საქართველოსაც ახსენებს:
„ლიეტუველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, დანიელებს, ქართველებს, სომხებს, ბელგიელებს, ნორვეგიელებს და ბევრ სხვას არ დავიწყებია. ყველა ვისაც ნაციზმისგან ზიანი მიადგა საკუთარ მიწაზე ან მათ, ვინც ის დაამარცხა ანტი-ჰიტლერის კოალიციით“.
განცხადების ბოლოს ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს მათი ხსოვნის დღეა, ვინც საკუთარ სამშობლოს და მსოფლიოს ნაციზმისგან იცავდა და აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ გაიმარჯვებენ და მსოფლიოში ისევ მშვიდობა დაისადგურებს:
„ჩვენ გადავლახავთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისსაც გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება. უკრაინული მზე მას გაალღობს და მეგობრები, ოჯახები და ნათესავები კვლავ ერთად იქნებიან. დროებით ოკუპირებული ქალაქების და სოფლების თავზე კვლავ ჩვენი დროშა იფრიალებს.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დასრულდება შავ-თეთრი სიზმრები. ისინი ლურჯ-ყვითელი გახდება. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა, სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.