ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ ბელოგოროვსკაის სკოლაზე რუსული ჯარების მიერ მიტანილ იერიშს სავარაუდოდ 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფლის სკოლა, რომელსაც თავს 90 ადგილობრივი აფარებდა, რუსულმა ავიაციამ დაბომბა. მისი თქმით, შენობა ჩამოინგრა, გაჩნდა ხანძარიც, რომელსაც მეხანძრეები სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ.

სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. მათგან 7 დაშავდა, 2 კი დაღუპული იპოვეს.

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, დაიღუპა ნანგრევებში დარჩენილი 60-მდე ადამიანი.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.