თბილისში სამი დღის განმავლობაში უკრაინელი და საერთაშორისო დოკუმენტალისტი ფოტოგრაფების გამოფენა იმართება. გამოფენა, სახელწოდებით „უკრაინული გერნიკა“ 5 მაისს გაიხსნა და 8 მაისამდე გაგრძელდება.
„21-ე საუკუნის ევროპა საზარელ, ჰუმანიტარულ კრიზის განიცდის. სულ ცოტა ხნის წინ მოვლენების ამჟამინდელი განვითარება წარმოუდგენელი ჩანდა ადამიანური ღირებულებების, ისტორიული მეხსიერების, სულიერი კონსოლიდაციის და გლობალური ცივილიზაციის ზოგადი ხედვის ძლიერი განვითარების გამო.
კაცობრიობა ბარბაროსობის, ბოროტების და აშკარა ტყუილის მოწმეა, რაც სისტემური ხარვეზების მტკიცებულებაა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში და მორალური საფუძვლების კრიზისს წარმოადგენს“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენილია 40 საერთაშორისო ფოტოგრაფის ნამუშევარი, სადაც აღბეჭდილია უკრაინაში რუსული აგრესიის ქმედება 2022 წლის თებერვალი-აპრილის თვეში.
გამოფენა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და უკრაინის პირველი ლედის პატრონაჟით იმართება. საქართველოს გარდა ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება სხვა ქვეყნებშიც.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგების ამსახველი ფოტოების ნახვა დამთვალიერებელს თბილისში, წერეთლის 114 ნომერში მდებარე საგამოფენო სივრცეში შეუძლია.
„დადგა დრო, როცა თითოეულმა კეთილი ნების ადამიანმა უნდა დაუსვას კითხვა საკუთარ თავს და პოლიტიკოსებს: აქვს თუ არა მსოფლიოში ადგილი ბარბაროსობას? შემიძლია თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნო? რა ფასი აქვს ადამაინის სიცოცხლეს და შეიძლება თუ არა მისით ვაჭრობა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით? არის თუ არა ტირანიის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.