უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას ჰიტლერის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
5 მაისს კულებამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ ორივე მათგანი „განრისხებულია“ სერგეი ლავროვის ანტისემიტური კომენტარების გამო.
„[საუბრისას] ხაზი გავუსვი, რომ ანტისემიტიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს რუსულ ელიტებში. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში ის არის, რომ მინისტრმა ლავროვმა საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ებრაელებს მსოფლიოს მასშტაბით. ანტისემიტიზმი დაუშვებელია“, – წერს დმიტრი კულება ტვიტერზე.
Israeli FM @yairlapid and I are both outraged by FM Lavrov’s antisemitic remarks. I emphasized that antisemitism has a long track record among Russian elites. The only way out for FM Lavrov is to publicly apologize before Jews around the world. Antisemitism can not be tolerated.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 5, 2022
სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის, იყო ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის აზრით, ებრაული სისხლი ჰქონდა, რაც ისტორიულად არ დასტურდება.
ლავროვის განცხადების გამო დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.
ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.
მოგვიანებით ლავროვი რუსეთის მთავარმა რაბინმა, ბერელ ლაზარმაც გააკრიტიკა და მას ბოდიშის მოხდა ურჩია.