ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი სომხეთისგან მოითხოვს “ყარაბაღისთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის” ანაზღაურებას

5 მაისი, 2022 • 2726
აზერბაიჯანი სომხეთისგან მოითხოვს “ყარაბაღისთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის” ანაზღაურებას

“აზერბაიჯანი მოითხოვს სომხეთის მიერ ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე – ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში – მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურებას”, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ალიევი აცხადებს, რომ სომხეთმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა აზერბაიჯანის ეკოლოგიას, კერძოდ, 50-60 ათას ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე ტყის მასივი მთლიანად განადგურდა – აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საუბარია ზანგილანის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ ნაკრძალზე.

მისივე თქმით, ოკუპაციის დროს სომხეთი უკანონოდ მოიპოვებდა ოქროს და სხვა ძვირფას მეტალებს საბადოების ექსპლუატაციის დარღვევით, რამაც ეს ტერიტორიები ეკოლოგიური კატასტროფის ზონად აქცია.

“ყველა ეს დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ვაწარმოებთ მოყენებული ზარალის დათვლას და ყველა განადგურებული ქალაქისა თუ სოფლის დოკუმენტირებას. ამ ფაქტებით კი მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოებს”, -აცხადებს ალიევი.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის სომხური მხარის პოზიცია აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებზე.

2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი