ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო Associated press-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ მოელოდა, რუსეთის „ოპერაცია“ უკრაინაში ასე დიდხანს თუ გაგრძელდებოდა და აცხადებს, რომ „ყველაფერს“ აკეთებს ომის შესაჩერებლად.
გამოცემის ცნობით, ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ ფიქრობდა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა. ლუკაშენკოს თქმით, საკმარისად ჩახედული არაა ამ საკითხში, რომ თქვას, მიდის თუ არა პროცესი გეგმის მიხედვით, ისე როგორც ამას რუსები ამბობენ, ან თავად რასაც გრძნობს.
ინტერვიუში ლუკაშენკო ასევე ადანაშაულებს უკრაინას „რუსეთის პროვოცირებაში“ და ირწმუნება, რომ ბელარუსი მხარს მშვიდობას უჭერს:
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ომს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. თქვენი მონა-მორჩილის, ანუ ჩემი წყალობით დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები“, – ამბობს ლუკაშენკო.
მისი თქმით, „კატეგორიულად მიუღებელი“ იქნება კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა განმარტავს, რომ არ აქვს ინფორმაცია, გეგმავს თუ არა რუსეთი ამგვარი შეიარაღების გამოყენებას. მისი თქმით, ეს მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოვლენები ბელარუსის მეზობლად ვითარება, არამედ იმიტომაც, რომ პლანეტისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.
Associated press აცხადებს, რომ ლუკაშენკო რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას“ საჯაროდ უჭერდა მხარს. ბელარუსის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა მის ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავდა, რუსეთმა კი ამის პრევენცია მოახდინა.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ გამოცემას უთხრა, რომ პუტინს არ სურს პირდაპირი კონფლიქტი ნატოსთან და მოუწოდებს დასავლეთს, უზრუნველყოს, რომ ასე არ მოხდეს.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.