ახალი ამბები

სასამართლომ რ2-დან ჟორჟოლიანის გათავისუფლებაც უკანონოდ ცნო — ადვოკატი

4 მაისი, 2022 • 1574
სასამართლომ რ2-დან ჟორჟოლიანის გათავისუფლებაც უკანონოდ ცნო — ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ბრძანება, რომლითაც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.

ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-დან 2019 წელს, ტელეარხის მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება იმავე წელს გასაჩივრდა. ჟურნალისტის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” იცავდა.

თეო ზაქარაშვილის თქმით, სასამართლომ ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 62 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ჟორჟოლიანი ისე გაათავისუფლეს, რომ კუთვნილი ხელფასი არ მიუღია და ტელეარხს აღნიშნული თანხის გადახდაც დაეკისრა, კანონის შესაბამისი დანამატით.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნოდარ მელაძის შემთხვევაშიც, რომელიც “რუსთავი 2”-დან, ჟორჟოლიანის მსგავსად, 2019 წელს გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების თანახმად, მელაძეს ტელეარხმა 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნათა ერთი ნაწილი, მათ შორის, მელაძისთვის განაცდურის ანაზღაურება და მისი სამსახურში აღდგენა. ეს მოთხოვნები არც ჟორჟოლიანის შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

“დღეის მდგომარეობით სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი: თქვა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა და დააკისრა “რუსთავი 2-ს” კომპენსაციის გადახდა.

მოგეხსენებათ, რომ ნოდარ მელაძე უკვე სხვა ტელევიზიის თანამშრომელია და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა და კომპენსაციის დაკისრება ტელეკომპანიისთვის”, — დასძინა ზაქარაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ტელეარხი ორივე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა ჯერ დასაბუთების ნაწილს უნდა გაეცნოს.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.

ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

სასამართლომ უკანონოდ ცნო მელაძის გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა რ2-ს – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი