ახალი ამბებისამართალი

ბორჯომში ქალს დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენეს

3 მაისი, 2022 • 2649
ბორჯომში ქალს დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენეს

განახლება – 3 მაისი, 13:54 – ბრალდებული კაცი დააკავეს. მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბორჯომში 40 წლამდე ქალს დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენეს.

პირველ მაისს მომხდარი ამბის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ, „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

„ნეტგაზეთს“ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის ფილიალის ხელმძღვანელმა, ირაკლი დიასამიძემ დაუდასტურა, რომ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურადაა.

„[პაციენტი] სტაბილურად არის, როგორც არსებულ სიტუაციას შეესაბამება. გადის მკურნალობას პოსტოპერაციულ განყოფილებაში. სტაბილურად გრძნობს თავს, კონტაქტში შემოდის“, – გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

იგი ასევე ადასტურებს, რომ დაშავებულს „დაახლოებით 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ამბის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი