ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტი კლინიკურ საკითხებში ვერ და არ ჩაერევა – ხუნდაძე სააკაშვილზე

2 მაისი, 2022 • 1336
ჯანდაცვის კომიტეტი კლინიკურ საკითხებში ვერ და არ ჩაერევა – ხუნდაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კომიტეტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კლინიკურ საკითხებში არ ჩაერევა.

ამის შესახებ მან დღეს, 2 მაისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ  ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

დეკანოიძემ განიხილა დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრობის დროს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცებას, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებად წარდგენის საფუძველია.

დეკანოიძის თქმით,  აღნიშნულ ბრძანებებშია ის დაავადებები, რომლებიც ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში. მისი თქმით, მზადაა, დიმიტრი ხუნდაძესთან და დავით სერგეენკოსთან ერთად სააკაშვილის დიაგონიზი განიხილოს.

ხუნდაძის თქმით, დღეს სააკაშვილი  სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და დანარჩენი დარგობრივი სპეციალისტების საკითხია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის კომიტეტი ჯანდაცვის საკითხებზე არის ჩართული და  საზედამხედველო ორგანოა, ის კლინიკურ საკითხებში ვერ და არ ჩაერევა. თუმცა ტექნიკურ დეტალებზე ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას და გახსოვთ, როცა მე და დავით სერგეენკო ვსტუმრობდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ანუ როცა ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი ჩარევა, ჩვენ აუცილებლად მივიღეთ უშუალო მონაწილეობა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ის არის მსჯავრდებული და მას აქვს ყურადღება, რომ მისი უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული. დანარჩენი არის დარგობრივი სპეციალისტების საკითხი და ისინი გააკეთებენ ამაზე კომენტარს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


27 აპრილს სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ვრცლად სააკაშვილის სამედიცონო მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი