ახალი ამბები

ისტორია და დღევანდელობა მოითხოვს ჯარის გაძლიერებას – ღარიბაშვილი

30 აპრილი, 2022 •
ისტორია და დღევანდელობა მოითხოვს ჯარის გაძლიერებას – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდეს ჯარის გაძლიერებისა და ტრანსფორმაციის პროცესი.

მან ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერების მხარდაჭერისთვის.

„დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას.

დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი