ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გზის გახსნის ერთ-ერთი პირობა რუსეთთან შეერთებაა” – ბიბილოვი ახალგორელებს

29 აპრილი, 2022 • 2462
“გზის გახსნის ერთ-ერთი პირობა რუსეთთან შეერთებაა” – ბიბილოვი ახალგორელებს

სამხრეთ ოსეთის დე  ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, 8 მაისის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების [რომელსაც ქართული  მხარე და საერთშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ აღიარებს] მეორე ტურამდე, ახალგორში ამომრჩეველს შეხვდა და მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტის გახსნის პირობებზე ესაუბრა.

ბიბილოვმა ახალგორელებისთვის ქართულ მხარესთან გზა 2019 წლის სექტემბერში მას შემდეგ ჩაკეტა, რაც სოფელ წნელისთან ქართულმა მხარემ საპოლიციო საგუშაგო ჩადგა. მას შემდეგ ბიბილოვი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც ქართული პოლიცია დგას, სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის და თბილისს ამის უფლება არ ჰქონდა. ახალგორელებთან ყველა შეხვედრაზე ბიბილოვი მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს, რომ სანამ ქართული მხარე საგუშაგოს არ აიღებს, გზა არ გაიხსნება.

“ლენინგორელებისთვის მთავარი კითხვაა, როდის გაიხსნება გზა. პუნქტების გახსნა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი – დიპლომატიური გზით ან რუსეთთან შეერთებით.

ჩემთვის ეს არის ჰუმანიტარული სახის საკითხი. ვიცი, რომ პრაქტიკულად აქ ყველას ჰყავს ახლობლები, შვილები, შვილიშვილები საზღვრის მიღმა. თქვენ გგონიათ, მე არ ვიცოდი, რომ თუ გზას დაგიკეტავდით, მე ხმას აღარ მომცემდნენ? ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ გზის დაკეტვა აუცილებელი იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ღიად, პატიოსნად. დარწმუნებული ვარ, ყველამ გაიგო არსებული სიტუაცია”, – წერს ბიბილოვი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

2022 წლის 8 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ატარებს, სადაც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევია, რომელსაც მხარს უჭერენ სხვა, პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატებიც.

ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი – რუსეთთან შეერთების, ხოლო მეორე- ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი