ახალი ამბები

სააკაშვილს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს – NGO-ები

28 აპრილი, 2022 •
სააკაშვილს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.

განცხადების ხელმომწერების თქმით, ისინი ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და მიიჩნევენ, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, NGO-ები, მოითოხვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად, რაც გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch)
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • კავშირი საფარი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მასალების გადაბეჭდვის წესი