ახალი ამბები

უკრაინის საელჩო: გაკვირვებით ვუსმენთ საქართველოში შიდა დისკუსიებს „მეორე ფრონტზე“

28 აპრილი, 2022 • 1340
უკრაინის საელჩო: გაკვირვებით ვუსმენთ საქართველოში შიდა დისკუსიებს „მეორე ფრონტზე“

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე გაკვირვებული აკვირდება საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომელიც ეხება ე.წ. ომის პარტიას და მეორე ფრონტის გახსნას.

აღნიშნული განცხადება ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც საელჩოს წარმომადგენელს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებებზე.

კასიანოვი აღნიშნავს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მხოლოდ ერთი, „გამარჯვების“ პარტია არსებობს და ამას აჩვენებს როგორც უკრაინელი ხალხი, ასევე, ქვეყნის შეიარაღებული ძალები, პარლამენტი და პრეზიდენტი:

„ჩვენ ძალია გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომელიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინამ არ დაიწყო ომი, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. ჩვენ ეს გვიკვირს იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე გვიჩვენებს უკრაინის რადა, ხალხი, შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტი“, – ამბობს ანდრეი კასიანოვი.

რამდენიმე დღის წინ არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, „დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რადგან იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი