ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

28 აპრილი, 2022 • 652
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც კვლავ ადასტურებს ვაშინგტონის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი “საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას”.

ხსენებული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს კონგრესში ხელახლა წარადგინეს.  ამ ეტაპზე კანონპროექტს 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

დოკუმენტი აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის, ასევე, რუსული პროპაგანდის მიმართ. კანონპროექტი, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“საქართველოს მხარდამჭერ აქტში” ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, დაკავებების და მკვლელობების ჩათვლით.

ხსენებული დოკუმენტი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.

“როგორც შემდგომი ნაბიჯი, პროცედურულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება.

სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს”, — აღნიშნავს საქართველოს საგარეო უწყება.

წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ფაქტით “კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი