ახალი ამბები

კონგრესში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი

11 თებერვალი, 2021 • 751
კონგრესში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა — ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის, ასევე, რუსული პროპაგანდის მიმართ. კანონპროექტი, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, დაკავებების და მკვლელობების ჩათვლით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.

“მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში”, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

”უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს”,- აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტი ასევე, მიღებულ იქნა 115-ე კონგრესის მიერ.

აშშ-ის კონგრესის მხარდამჭერი აქტი საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი