ახალი ამბები

რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი აღარ არის

27 აპრილი, 2022 • 1092
რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი აღარ არის

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) რიგგარეშე სესიაზე რუსეთს წევრობა შეუჩერა.

საკითხი დღის წესრიგში დადგა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მთავრობამ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

„რუსული მხარე არ თვლის მიზანშეწონილად, გააგრძელოს მუშაობა UNWTO-ში, რომლის ხელმძღვანელობა პატიობს მისი საქმიანობის პოლიტიზებას და ღიად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დისკრიმინაციას. რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ Twitter-ზე დაწერა, რომ დღევანდელ განხილვამდე რუსეთმა უარი თქვა საკუთარი პოზიციების დაცვაზე და UNWTO-დან გასვლის შესახებ გამოაცხადა.

„მესიჯი ნათელია: ქმედებებს ყოველთვის ექნება შედეგები. მშვიდობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გარანტირებული ყველასთვის. გამონაკლისის გარეშე“, — ასე გამოეხმაურა რუსეთისვის წევრობის უფლების შეჩერებას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა.

„რუსი სამხედრო დამნაშავეების მოგზაურობის ერთადერთი მიმართულება უნდა იყოს ჰაგა. რუსეთის იზოლაცია გაღრმავდება უკრაინასთან ომის ყოველი დღის განმავლობაში“, — დასძინა მან.

უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთი, ასევე, გარიცხულია ევროპის საბჭოდან და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი