ახალი ამბები

არესტოვიჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა – ქადაგიშვილი

27 აპრილი, 2022 • 1601
არესტოვიჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა – ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრები აკრიტიკებენ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ოლექსი არესტოვიჩს და მის განცხადებებს პროვოკაციულად აფასებენ.

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, „დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რადგან  იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოლექსი არესტოვიჩს პოლიტიკური ავანტიურისტი უწოდა და თქვა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით აღადგენს.

„მე მიმაჩნია, რომ არესტოვიჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის ქვეშ მოყვეს.  ამას მე პირდაპირ და ცალსახად ვამბობ. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს, საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რეალურად ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები“, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არესტოვიჩის მითითებები არავის სჭირდება და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორეიბზე.

„არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება“, – განაცხადა სამხარაძემ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მიწასთან არის გასწორებული არაერთ ქალაქი, საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი