კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი „ტვიტერზე“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს:
„საქართველომ უარი უთხრა უკრაინას, დაეხმაროს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით. მოდით, უკვე გავუხსნათ ავიამიმოსვლა“, – წერს „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი „ტვიტერზე“.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ომი უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ჩამოვიდა.
ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაურს, ბევრი ინფორმაცია აქვს, რომელთა ნაწილი საჯაროდ ითქმის, ნაწილი კი- არა:
„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი ითქმის საჯაროდ, მაგრამ უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში.
ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. არაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ ,– ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს მეორე ფორნტის გახსნას.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.








