ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ქართული მიმართულებით ვაძლიერებთ კონტროლს” – ცხინვალი კვლავ საფრთხეზე საუბრობს

27 აპრილი, 2022 • 1849
“ქართული მიმართულებით ვაძლიერებთ კონტროლს” – ცხინვალი კვლავ საფრთხეზე საუბრობს

ცხინვალი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთის მიმართულებით მდგომარეობის გართულების ფონზე, ადგილობრივი უშიშროების უწყება რუსულ მხარესთან ერთად საქართველოს მიმართულებით სიტუაციის კონტროლს აძლიერებს.

“საგარეო სფეროში საფრთხის დროული გამოვლენისა და ლოკალიზაციის მიზნით”, როგორც ოსური მხარე აცხადებს, ადგილობრივმა უშიშროების უწყებამ და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურმა ერთობლივად გააძლიერეს “საქართველოსთან საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგი”.

“როგორც სხვადასხვა არხით მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია მოწმობს, ქართული მიმართულებით სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია არსებითად შეცვლილი არ არის. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიახლოვეს არ არის დაფიქსირებული გაძლიერებული ძალები და საშუალებები, ასევე,  ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის არსებითი გადაადგილებები საქართველოში”, – წერს დე ფაქტო უშიშიროების უწყება.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ჯარები დნესტრისპირეთში საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ცხინვალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერიოდულად აკეთებს განცხადებებს ქართული მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეების შესახებ. უკანასკნელად მსგავსი განცხადებები გაკეთდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა რამდენჯერმე უპასუხა, რომ ქართული მხრიდან საფრთხე არავის ემუქრება.

უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია

მასალების გადაბეჭდვის წესი