ახალი ამბები

გვარამია: პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილთან საკვები ამანათების შეტანა აკრძალა

26 აპრილი, 2022 • 1303
გვარამია: პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილთან საკვები ამანათების შეტანა აკრძალა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ამანათის სახით საკვების შეტანა აკრძალა.

გვარამიას განცხადებით, შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი უცხიმო სულგუნით და კიტრით იკვებებოდა, რომელიც ამანათის სახით მასთან ციხეში შეჰქონდათ, დღეს კი პროდუქტების ციხეში შეტანა ვერ შეძლეს. გვარამია წერს, რომ ამანათების შეტანა სააკაშვილთან პენიტენციურმა სამსახურმა აკრძალა:

„მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ის ვერ ჭამს. მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა. მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად“, – ამბობს ნიკა გვარამია.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი