ახალი ამბები

ბრიტანეთის მინისტრი: უკრაინისთვის ლეგიტიმურია, რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში

26 აპრილი, 2022 •
ბრიტანეთის მინისტრი: უკრაინისთვის ლეგიტიმურია, რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ჯეიმს ჰიპის თქმით, სრულიად ლეგიტიმური იქნება, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიებზე მოახდენს სამიზნეების იდენტიფიცირებას საკუთარ ტერიტორიებზე თავდასხმების შესაჩერებლად.

როგორც The Guardian წერს, ბრიტანელი მინისტრი არც იმას მიიჩნევს პრობლემად, ამისთვის უკრაინა ბრიტანეთის მიერ გადაცემულ იარაღს თუ გამოიყენებს:

„ფაქტი ისაა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა საკუთარ საზღვრებში, შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა მისი საზღვრების დარღვევა და იქ 130 000 ჯარისკაცის შეყვანა. ასე დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და ამ ომში უკრაინას სჭირდება, იერიში მიიტანოს ოპონენტის შეიარაღებისა და საწვავის მარაგებზე ოპონენტის ტერიტორიაზე.

სრულიად ლეგიტიმურია უკრაინისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში, რათა ჩამოშალოს რუსეთის შეიარაღების ლოჯისტიკა იმიტომ, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, ეს პირდაპირ გამოიწვევს სიკვდილს უკრაინის მიწაზე“, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, ასევე პრობლემური არ იქნება, თუ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ამგვარ ობიექტებზე დარტყმის განსახორციელებლად უკრაინა იმ იარაღს გამოიყენებს, რომელიც ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეებისგან აქვს მიღებული.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი