ახალი ამბები

გერმანია უკრაინას Gepard-ის ანტისაჰაერო ტექნიკას უგზავნის

26 აპრილი, 2022 • 2819
გერმანია უკრაინას Gepard-ის ანტისაჰაერო ტექნიკას უგზავნის

გერმანია უკრაინას გადასცემს Gepard-ის ტიპის თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო საზენიტო ტექნიკას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, მთავრობამ მიიღო უკრაინისთვის ტექნიკის გადაცემის გადაწყვეტილება.

„მთავარი მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილების მდგომარეობს არა იმაში, თუ რა შედეგს მოიტანს Gepard-ების გამოჩენა ბრძოლის ველზე, არამედ იმაში, თუ რა გზავნილებს ატარებს მათი [უკრაინისთვის] გადაცემა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინას საბრძოლო ტექნიკა კომპანია KMW-ის მარაგებიდან გადაეცემა.

მანამდე, კიდევ ერთმა გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა მთავრობას სთხოვა ნებართვა, უკრაინისთვის გადაეცათ Marder-ის 100 საბრძოლო მანქანა და Leopard-ის ტიპის 88 ტანკი.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მთავრობა ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ობიექტი უკრაინისადმი იარაღის გაგზავნის საკითხში შედარებით პასიური პოზიციის ქონის გამო.

უკრაინაში ომი 62 დღეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა. მოგვიანებით, რუსეთმა ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომლის მიზანიც დონბასის რეგიონში ტერიტორიული წინსვლაა.უკრაინული მხარის თანახმად, მათ რუსეთის დასამარცხებლად მძიმე შეიარაღება სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი