ახალი ამბები

თუ ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ტყუილია – დაუშვილი

26 აპრილი, 2022 • 1034
თუ ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ტყუილია – დაუშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, თუ 25 აპრილს გავრცელებული ჩანაწერების ნადვილობა დადასტურდა, მაშინ ტყუილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

საუბარია ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

„თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინც უმძიმეს რეალობასთან გვაქვს საქმე, საერთოდ, შესაძლოა ბუნდოვანი გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ ეს ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ტყუილია, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, პირიქით არა თუ წავიდა, მთლიანად მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ღარიბაშვილს შეხვედრებს უნიშნავს.

გაგახსენებთ, რომ გასულ წელს, ზაფხულს, გახარიას გამო მან წერილიც გამოაქვეყნა, როდესაც თავის პარტიას უჭირდა. მინდა დაგისვათ კითხვა, როდესაც დღეს ქვეყანას ეს ყველაფერი სჭირდება, გამოვა და გასცემს კითხვებს პასუხს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მაგალითად, გუშინდელ ჩანაწერებზე, საერთოდ რაზე ესაუბრებოდა, რა შეხვედრებს უნიშნავდა საქართველოში, საერთოდ საით მიჰყავს ქვეყანა“, – განაცხადა დაუშვილმა.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი