ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, 2022 წელს ენგურზე უკვე 250-მდე ადამიანი დააკავეს

26 აპრილი, 2022 • 1747
სოხუმის ცნობით, 2022 წელს ენგურზე უკვე 250-მდე ადამიანი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყების ცნობით, ენგურზე “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით, მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში, 250-მდე ადამიანი დააკავეს.

გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობით, ამავე გამშვებ პუნქტზე, 2022 წლის პირველ კვარტალში, 1900 შეკვრა თამბაქოს პროდუქცია იყო ამოღებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა კანონდამრღვევის წინააღმდეგ, აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა.

2021 წელს, აფხაზური მხარის ცნობითვე, რუსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ენგურზე 5000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს  “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ან “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევს შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი- უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი