ახალი ამბები

რუსეთმა განაახლა შეტევა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე — არესტოვიჩი

23 აპრილი, 2022 • 1972
რუსეთმა განაახლა შეტევა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე — არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე შეტევა განაახლეს.

ფოლადის ქარხანა “აზოვსტალი” სტრატეგიულად მნიშვნელოვან საპორტო ქალაქში უკრაინის ძალების უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს.

“მტერი ცდილობს, ჩაახშოს მარიუპოლის დამცველების უკანასკნელი წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში და განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვით არეალზე”, — ციტირებს არესოვიჩს გამოცემა “უნიანი”.

არესტოვიჩის ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს  უთხრა, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელდეს.

ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუს უთხრა, რომ ეს ის მომენტია, როდესაც უნდა იფიქრონ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, – „საჭიროა ინდუსტრიული ზონის ბლოკირება ისე, რომ ბუზიც კი ვერ შეფრინდეს“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი