რუსეთის ქალაქ ფსკოვში ლურჯ და ყვითელ ფერებში შეღებილი ღობის გამო პოლიცია გამოიძახეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა “7×7” ავრცელებს.
როგორც გამოცემა მკითხველზე დაყრდნობით იტყობინება, ფსკოვში მცხოვრები ქალი თავის სახლთან არსებულ ღობეს ყოველ გაზაფხულზე ღებავს ყვითელ და ლურჯ ფერებში.
მან ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და 22 აპრილის საღამოს კვლავ შეღება კონსტრუქცია, რის შემდეგაც ახლომდებარე სახლის მაცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს.
“7×7”-ის თანახმად, ადგილზე პოლიციელები და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ქალს უთხრეს, რომ ლურჯ-ყვითელი ფერები უკრაინის დროშასთანაა ასოცირებული, რუსეთის მიერ იქ წარმოებული “სპეციალური ოპერაციის” ფონზე კი ასეთი “ასოციაციები არასასურველია”.
საბოლოოდ, ლურჯ-ყვითელი ღობე გადაღებეს.
2 თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მეტად გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა.
არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებული დაკავებების რიცხვი კი, OVD Info-ს მიხედვით, 15 000-ს აჭარბებს.
მთავარი ფოტო: 7×7
