ახალი ამბები

ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მძიმედაა და შუამდგომლობას აყენებენ

20 აპრილი, 2022 • 941
ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მძიმედაა და შუამდგომლობას აყენებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატიურად მოინახულონ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას სათანადო სამედიცინო სერვისები.

სააკაშვილმა თავადაც მიმართა სასამართლოს და ზოგადად ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით:

  • „გორის ჰოსპიტალში მკურნალობა იყო სრული ბლეფი. იქიდან უარესი მდგოამრეობით დავბრუნდი, ვიდრე მიმიყვანეს“;
  • „რეფიდინგის პროგრამა მთლიანად ჩავარდა“;
  • მისი წონა არის იგივე, რაც „შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში“ და ბოლო დღეებში 12კგ დაიკლო;
  • „პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს… ალბათ, ამან გამოიწვია, რომ კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, მაქვს ტკივილები ფეხებსა და ხელებში, ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება ამის მოხსნა“.
  • „მაქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის“, – თქვა სააკაშვილმა.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ადვოკატებს არა აქვთ ინფორმაცია სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც დააყენეს შესაბამისი შუამდგომლობა.

„ციხის ექიმთანაც კი არ მაქვს ხელმისაწვდომობა. ექიმი არ მყავს, რომელიც მეტყვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადარჩება თუ ვერ გადარჩება, წამების მსხვერპლი ხომ არ არის“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, „სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობა არის განგრძობითი წამების ფორმა“ და სასამართლომ ეს შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს.

პროცესი გრძელდება. შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პოზიციას არ დააფიქსირებს და გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს. მოსამართლეს შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ არ გამოუცხადებია.


შუამდგომლობის დაყენებას წინ უძღოდა სხდომის დროებითი შეჩერება.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოზე სიტყვით გამოდიოდა, 12:40 საათისთვის ექიმის დახმარება ითხოვა.

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულად დაიწყო, შემდეგ ქართულად განაგრძო და თქვა, რომ პატივს მიაგებს ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ და იბრძვიან, შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა, რის შემდეგაც, მცირე პაუზის შემდეგ თქვა:

„თუ შეიძლება, ექიმის დახმარება მჭირდება“.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ადგომაში დახმარება სთხოვა მანდატურებს, რომლებმაც სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იგი სასამართლო დარბაზში დააბრუნეს. პროცესი გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი