უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე რეაგირება ჰქონდეთ.

გავრცელებულ განცხადებაში დენისოვა ამბობს, რომ ღელავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ბოლო სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. სახალხო დამცველი დასძენს, რომ სააკაშვილს, ფაქტობრივად, არ შეუძლია ჭამა. შესაბამისად, ის გრძნობს მუდმივ სისუსტეს და არ შეუძლია ძილი.

ამასთანავე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ექიმთა დამოუკიდებელ ჯგუფს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა არ შეუძლიათ – „ეს კი მიუთითებს შესაბამისი მკურნალობის დეფიციტზე“, რაც წამების ტოლფასია.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით“, – ამბობს დენისოვა და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც წამების აკრძალვას გულისხმობს.

„სასამართლო დარბაზში მიხეილმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების შედეგების გამო, რომ სურს აქ ჩამოსვლა და უკრაინელი გმირი ხალხის დახმარება. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, ხმა აიმაღლონ უკრაინელი მოქალაქის – მიხეილ სააკაშვილის უფლებათა დარღვევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას სათანადო სამედიცინო სერვისები.

ვრცლად:

ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მძიმედაა და შუამდგომლობას აყენებენ