ახალი ამბები

ომის შემდეგ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ EU და ნატო საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებენ – NDI

21 აპრილი, 2022 • 1215
ომის შემდეგ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ EU და ნატო საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებენ – NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებენ.

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 82%. ნატო-ში გაწევრიანებას, მარტის კვლევით, მხარს უჭერს 71%, მაშინ როცა თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეს მაჩვენებელი 74% იყო.

ომის დაწყების შემდეგ 62% (ომის დაწყებამდე 55%) ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 32%-ის (ომის დაწყებამდე 22%) აზრით კი, ეს საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი (66% და 41% შესაბამისად) იყო 2019 წელს.

წყარო: NDI

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ომის დაწყების შემდეგ 53% ფიქრობს, რომ ეს უზრუნველყოფს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას, ხოლო ომის დაწყებამდე ასე 40% ფიქრობდა. 2019 წლის კვლევაში 54% აცხადებდა, რომ ნატო საქართველოს მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა. ომის დაწყებამდე 29% ამბობდა, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, ახლა კი ასე 26% ფიქრობს. ომის დაწყებამდე — 27%, ომის დაწყების შემდეგ კი 36% ამბობს, რომ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს.

შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს. მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ყველაზე მეტად ახალგაზრდები ეთანხმებიან.

წყარო: NDI

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის — მოსახლეობის 88%-ისთვის — საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად.  ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მიუღებელია 5%-ისთვის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.


კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი