ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატები შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

20 აპრილი, 2022 • 796
სააკაშვილის ადვოკატები შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს კვლავ აკრიტიკებენ, – ამჯერად შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც 20 აპრილის პროცესზე სააკაშვილმა თქვა, რომ შეუძლოდაა და პროცესი დროებით შეჩერდა, სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მათ წამოაყენეს შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უნდა დაავალოს, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატიურად მოინახულონ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას სათანადო სამედიცინო სერვისები.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ადვოკატებს არა აქვთ ინფორმაცია სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც დააყენეს შესაბამისი შუამდგომლობა.

„ციხის ექიმთანაც კი არ მაქვს ხელმისაწვდომობა. ექიმი არ მყავს, რომელიც მეტყვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადარჩება თუ ვერ გადარჩება, წამების მსხვერპლი ხომ არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პოზიციას არ დააფიქსირებს და გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კი განაცხადა, რომ „სასამართლო ავალდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო მომსახურების გაწევა მისი ჯანმრთელობის კუთხით“.

„პენიტენციური დაწესებულების ვალდებულებაა, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა“, – განაცხადა მოსამართლემ.

მას გადაწყვეტილებაში ცენტ „ემპათიის“ მონაწილეობის შესახებ არაფერი უთქვამს.

სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, – რომელიც ამავე დროს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლოს უკვე 3-ჯერ აქვს მიღებული, თუმცა მოცემულობა არ იცვლება.


შუამდგომლობის დაყენებას წინ უძღოდა სხდომის დროებითი შეჩერება.მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოზე სიტყვით გამოდიოდა, 12:40 საათისთვის ექიმის დახმარება ითხოვა.

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულად დაიწყო, შემდეგ ქართულად განაგრძო და თქვა, რომ პატივს მიაგებს ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ და იბრძვიან, შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა, რის შემდეგაც, მცირე პაუზის შემდეგ თქვა:

„თუ შეიძლება, ექიმის დახმარება მჭირდება“.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ადგომაში დახმარება სთხოვა მანდატურებს, რომლებმაც სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იგი სასამართლო დარბაზში დააბრუნეს. პროცესი გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი