ახალი ამბები

GERA – ხოშტარია რუსეთის სანქციების თავიდან არიდების სქემაზე საუბრობს, ორგანიზაცია უარყოფს

20 აპრილი, 2022 • 1690
GERA – ხოშტარია რუსეთის სანქციების თავიდან არიდების სქემაზე საუბრობს, ორგანიზაცია უარყოფს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს მეშვეობით სანქციებიდან თავის არიდების მექანიზმის შესახებ.

ხოშტარიამ დღეს გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი: 1.რუსეთის საავტორო საზოგადოების (RAO) მიერ ესტონელი კოლეგებისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც RAO წერს, რომ სანქციების გამო პრობლემები შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებასთან დაკავშირებით და კოლეგებს სთავაზობს ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზას საქართველოში პარტნიორი ასოციაცია „გერას“ მეშვეობით;  2.ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის წერილი პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელშიც CISAC წერს, რომ „გერას“ მეშვეობით თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.

„ჩემს ხელთ არის წერილი, რომელსაც რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას და მინდა, უბრალოდ ციტირება მოვახდინო ამ წერილის:

„უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკების და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, „რაოს“ პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა — ჩვენი პარტნიორი საქართველოში „გერა“. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „გერას“ შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლებში და შემდეგ დააკორექტიროს ის აშშ დოლარში. ვინაიდან „გერას“ აქვს ორმხრივი წარმომადგენლობითი ხელშეკრულება „რაოსთან“, მზად ვართ, გამოგიგზავნოთ ყველა გადასახადი ამ კომპანიის მეშვეობით. ჩვენი წინასწარი მოლაპარაკებების ფარგლებში, „გერამ“ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს შემოთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებას დამატებითი საკომისიოს გარეშე“.

ანუ, რუსეთის კომპანია, რომელიც არის სანცქირებული, ესტონელებს სთავაზობს, რომ გერას“ მეშვეობით თავი აარიდონ სანქციებს“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა „მსგავსი მაქინაციების“ ჩატარების საშუალებას, შესაბამისად, ის მთავრობას მოუწოდებს:

  1. გამოიკვლიოს კომპანია GERA-ს ურთიერთობები რუსეთთან;
  2. შეცვალოს კანონმდებლობა, რომ არ მოხდეს ამ მექანიზმის ამუშავება მათ შორის სხვა კომპანიების მეშვეობით.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით პირდაპირი მონაწილეები იმ სისხლის და ბოროტების მანქანისა, რომელსაც ყოველდღე ეწირებიან ადამიანები“, — დასძინა ხოშტარიამ.

„გერას“ პასუხი

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაში ელენე ხოშტარიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, გადაამოწმოს ინფორმაცია, ვიდრე ასოციაციას პრესკონფერენციას მიუძღვნის.

GERA-ში აცხადებენ, რომ წერილი, რომელის შესახებაც ელენე ხოშტარიამ ისაუბრა, ასოციაციას არ მიუღია. შესაბამისად, „GERA არ დათანხებულა რუსეთის ასოციაცია RAO-ს შემოთავაზებას და არც მომავალში აპირებს“.

„მოვითხოვთ, ბრალმდებლებმა გაასაჯაროვონ დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებას დავთანხმდით. ვითხოვთ, შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება და ჩვენი ასოციაციის დისკრედიტაცია“, — წერს ასოციაცია.

ელენე ხოშტარია საპასუხოდ ამბობს, რომ „თუ „რაოც“ და მსოფლიო კონფედერაციაც იტყუება“, მზად არის, „გერასთან“ ერთად ორივეს დაუპირისპირდეს და ტყუილში ამხილოს.

„ოღონდ წერილის გასაჯაროების ფაქტი რატომ გაბრაზებთ? წესით ხომ რაოზე უნდა ბრაზობდეთ?“, — მიმართავს ის GERA-ს.

რას წარმოადგენს „გერა“?

GERA საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაა, რომელსაც საკუთარ მისიად გაცხადებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება. ის ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სხვა მფლობელების უფლებების, შემსრულებლების, ქართველი ავტორებისა და ფონოგრამის მწარმოებლების უფლებების დაცვას.

„გერას“ ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ასოციაციის დირექტორია თამარ გვარიშვილი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე — ალექსანდრე გვარიშვილი.

ასოციაციის საბჭოში შედიან კომპოზიტორები და მომღერლები: ჯემალ სეფიაშვილი, დავით ხუჯაძე, რუსუდან მორჩილაძე, ზურაბ ხაჩიძე, მარინე მალაზონია, ალექსანდრე გვარიშვილი და დავით ევგენიძე.

ხოშტარია იმედოვნებს, რომ „გერაში“ გაერთიანებული კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ არიან ინფორმირებული ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია მათთვის საფუძველი გახდება, „გაწყვიტონ ურთიერთობა სისხლის მანქანასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი