ახალი ამბები

„აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა – აზოვის პოლკი

19 აპრილი, 2022 • 5657
„აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა – აზოვის პოლკი

აზოვის პოლკის განცხადებით, მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანას მძლავრ ბომბებს ესვრიან და ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩენია, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, – განაცხადა პალამარმა.

გუშინ, 18 აპრილს მარიუპოლის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ რუსული ჯარები აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას ბობმავდნენ.

ამავდროულად, აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მიმართა მსოფლიო ლიდერებს, სასწრაფოდ მოაწყონ „მწვანე დერეფანი“ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილებისა და დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციისთვის.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.



რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი