ახალი ამბები

ამერიკული ტელეარხის ანალიტიკოსი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

19 აპრილი, 2022 •
ამერიკული ტელეარხის ანალიტიკოსი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

ამერიკული ტელეარხის, MSNBC-ის ანალიტიკოსი ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხებში უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywood Reporter ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მალკომ ნეინსი წარსულში საზღვაო დაზვერვის ოფიცერი იყო, სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ ანალიტიკოსი გახდა. 2007 წლიდან კი MSNBC-თან თანამშრომლობს. Hollywood Reporter-ის ცნობით, ის ახლა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონში ირიცხება.

MSNBC-ის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინაში ნეინსი ტელეკომპანიის კონტრიბუტორად არ წასულა. ბოლოს ტელეკომპანიის ანალიტიკოსი ეთერში 28 თებერვალს იყო. გადაცემაში ჩართვისას, რომლის ანალიტიკოსადაც მუშაობდა, ნეინსი სამხედრო ფორმაში გამოჩნდა უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით. ხელში კი საბრძოლო შაშხანა ეჭირა:

„უფრო და უფრო ვფიქრობდი, რომ ლაპარაკი საკმარისი არ იყო და დრო მოვიდა, მოქმედებაზე გადავსულიყავი. აქ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას გამანადგურებელ ომში. ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა, რომელიც ამ ხალხს რუსეთმა დაატეხა თავს და მშვიდობიან მოქალაქეებს მასობრივად ხოცავს. აქ არიან ჩემნაირი ადამიანები, რომლებსაც სურთ, რაიმე მოიმოქმედონ”, – აცხადებს უცხოური ლეგიონის წევრი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი