ახალი ამბებიკინო

კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

19 აპრილი, 2022 • 792
კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ამ კვირაში საფრანგეთს, საქართველოსა და იტალიას ვიზიტით ეწვევა.

დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სენატორები: გარი პიტერსი და ბობ ქეისი, ასევე, კონგრესმენები: სტეფან მერფი, ქეით ლირაისი,  დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.

„ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას”, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.

„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში”, – განაცხადა, თავის მხრივ, სენატორმა პიტერსმა და დასძინა, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს.

„მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა”, — თქვა მან.

იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, სენატორ კეისის თქმით, ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად“, — განაცხადა კონგრესმენმა რაისმა.

„ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის  უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით“, — განაცხადა კონგრესმენმა სისილინმა.

კონგრესვუმენ მერფის თქმით, პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციები, ერთიანობის ჩვენება და ურთიერთობების განვმტკიცება.

„ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად”, — დასძინა მერფიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი