ახალი ამბები

პოლიციელმა სცადა მამაკაცის შებოჭვა გაქცევისას, რა დროსაც იარაღი გაუვარდა — სსს

19 აპრილი, 2022 •
პოლიციელმა სცადა მამაკაცის შებოჭვა გაქცევისას, რა დროსაც იარაღი გაუვარდა — სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წყნეთის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დააკავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, — ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები.

“გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენ მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”.


30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დეტექტივი დააკავეს. შემთხვევა 18 აპრილს წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა დეტექტივი ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვისთვის ახალგაზრდა კაცს აკავებდა.

„დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ზემოხსენებული მუხლები გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურეობრვი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და მაქსიმალური სასჯელის სახით 8-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი