რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადას, რომელსაც ბრალად ედება ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენა, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა და „რუსეთის სუვერენიტეტის მცველები“ უწოდა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით ქვედანაყოფის პერსონალი გახდა სამხედრო მოვალეობის შესრულების, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის მისაბაძი მაგალითი“, – ნათქვამია პუტინის წერილში.
მას შემდეგ, რაც კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბუჩა რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს, უკრაინელმა სამხედროებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსებმა დახოცეს.
ცხედრების ნაწილს ხელები შეკრული ჰქონდა.
რუსეთის თანახმად, ფოტოები, რომლებიც ბუჩიდან გავრცელდა, ყალბია და მის ძალებს სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან, კიევის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან — დონბასის რეგიონის და სამხრეთიდან — ყირიმის ნახევარკუნძულიდან. კიევის აღების რამდენიმეკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსული არმია მთლიანად გავიდა კიევის ოლქიდან ბელორუსის მიმართულებით და ძალების კონცენტრაცია და გადაჯგუფება დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, საიდანაც ახლა უტევს დონბასის რეგიონს.








