ახალი ამბები

„რუსეთის შეჭრის დღიდან 205 ბავშვი დაიღუპა, 367 დაშავდა“ – უკრაინის პროკურატურა

19 აპრილი, 2022 • 443
„რუსეთის შეჭრის დღიდან 205 ბავშვი დაიღუპა, 367 დაშავდა“ – უკრაინის  პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე დაიღუპა 205 ბავშვი, 367 არასრულწლოვანი კი დაშავდა.

უკრაინის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რიცხვები საბოლოო არაა და შემთხვევების მოკვლევა გრძელდება დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

უკრაინული უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 118 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა. კიევის რეგიონში – 108, ხარკოვის რეგიონში 91; ჩერნიჰივის რეგიონში – 54; ხერსონის რეგიონში – 43, მიკოლაივის რეგიონში – 40; ლუჰანსკის რეგიონში – 36; ზაპოროჟიას რეგიონში 25; სუმის რეგიონში – 16; ქალაქ კიევში – 16, ხოლო ჟიტომირის რეგიონში – 15.

ამასთან, უწყების თქმით, დადგინდა, რომ 14 მარტს სოფელ ზახარკივკაში ოჯახი, რომელიც ტყის პირადი მანქანით გადაადგილდებოდა ევაკუაციის მიზნით, დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაიღუპა 8 წლის ბავშვი და მისი დედა.

18 აპრილს კი ლვოვში დაბომბვას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად 1 414 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, რომელთაგან 99 სრულად განადგურებულია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი