ახალი ამბები

ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას – ღარიბაშვილი

18 აპრილი, 2022 • 931
ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ მან დღეს, 18 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეხება საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, შესაძლოა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5-დან 3 მილიარდ ლარამდე იყოს.

„მე მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი, იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5, შეიძლება 3 მლრდ ლარიც იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მლრდ ლარით დავიწყებთ, 2 მილიარდის სამუშაოები. პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ. პროგრამის განხორციელებით დასაქმდება 20 000 ადამიანი, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და, მეორე მხრივ, ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც აღვნიშნე. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412.

მასალების გადაბეჭდვის წესი