ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს უკრაინაში ვიზიტისას – პაპუაშვილის განმარტება

18 აპრილი, 2022 • 1269
რა საკითხები განიხილეს უკრაინაში ვიზიტისას – პაპუაშვილის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ დაწსებული სანქციებისა და საქართველოს მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციების საკითხები. უკრაინაში ვიზიტის დეტალებზე მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, დელეგაციამ უკრაინელ კოლეგებს განუმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სექტორის მიერ დაწესებულ სანქცეიბს ავტომატურად უერთდება, რადგან ამ სექტორის ნაწილია. რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების გვერდით ავლაში დახმარებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან უკრაინაშიც საჯაროდ განაცხადა, რომ “საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას შეძლებს”.

“რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, მე ჩემს კოლეგასთანაც [უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან] მქონდა ამაზე საუბარი, რამდენად აქვს საქართველოს საერთოდ ინსტრუმენტი იმის, რომ ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. ჩემს კოლეგასაც მოვახსენე, სიტუაციის მთელი ირონია ისაა, რომ პირიქით, ჩვენ ვართ სანქციების ქვეშ რუსეთის მხრიდან, უკვე წლებია…

მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული რამენაირად, რაზეც ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა”, – თქვა პაპუაშვილმა.

ვიზიტზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის პრობლემას, რაც მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის გაუგებრობებს წარმოშობს. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო “განსაკუთრებით მგრძნობიარეა”, როდესაც რუსეთთან მის დამოკიდებულებას ეხება საქმე, იმ ისტორიიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მასთან აკავშირებს.

“ჩვენ მიმართ პრეტენზიების და ეჭვების, რომ [რუსეთთან] შეიძლება იყოს გარკვეული ბალანსი ან დათმობა, ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც, სამწუხაროდ, გვესმოდა, ასეთი ბრალდებების ან ეჭვების მიმართ ვართ განსაკუთრებით მგრძნობიარე. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, სხვანაირ მდგომარეობაში ვართ, მათ შორის, განგრძნობითი ოკუპაციიდან გამომდინარე რუსეთის მხრიდან.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიმართ რაიმე ასეთი [სანქციებისთვის თავის არიდებისთვის რუსეთის მიერ საქართველოს გამოყენების] ეჭვის წამოყენებას, მით უმეტეს, უსაფოძვლო ეჭვის, უნდა უძღოდეს გარკვეული ინფორმაცია. სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ისედაც პრობლემაა 21-ე საუკუნეში და განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში თამაშობს თავის როლს…

[სტეფანჩუკთან] გავერკვიეთ ყველა საკითხში და შევთანხმდით, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ერთმანეთთან მოვიკითხოთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები”, – თქვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი განცხადებით, “კონტრაბანდასთან დაკავშირებული საკითხი” უკვე გადალახულია. (საქმე ეხება უკრაინის თავდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს).

“საერთო ჯამში, ამას განწყობაც აჩვენებდა, რომ ის გაუგებრობები, რაც იყო, ამოწურულია იმ კუთხით, რომ შევთანხმდით, არის მაღალი რისკები დეზინფორმაციის გავრცელების, ამიტომ, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან გადამოწმდეს. მეორე ის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, მგრძნობიარეა პრეტენზიების მიმართ, რომელიც შეიძლება რუსეთს უკავშირდებოდეს, და, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა გადაამოწმებს ინფორმაციებს, სანამ პრეტენზიებს წაუყენებს საქართველოს და, ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სრული ურთეირთგაგება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი