ახალი ამბები

ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდებს

17 აპრილი, 2022 •
ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ. ამის შესახებ მან BILD-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თავად ლეიენი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების მომხრეა თუ არა, მან განაცხადა, რომ “მძიმე და მსუბუქ იარაღს არ განასხვავებს” და “უკრაინამ უნდა მიიღოს ის, რაც თავდაცვაში დაეხმარება და რასთან თავის გართმევასაც შეძლებს”. მისი თქმით, ევროკავშირს ამისთვის 1.5 მილიარდი აქვს გამოყოფილი.

BILD-ის ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე მერყეობს, რაზეც ურსულა ფონ დერ ლეიენმა უპასუხა:

“ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება, ვისაც შეუძლია სწრაფად მიაწოდოს [იარაღი], რადგან მხოლოდ ასე შეუძლია უკრაინას, რომ გადარჩეს რუსეთის წინააღმდეგ ამ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში”.

გარდა ამისა, ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა. ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ ფონ დერ ლეიენმა თქვა:

“ჩვენ ვაგრძელებთ [რუსეთის] საბანკო სექტორისთვის თვალის მიდევნებას, განსაკუთრებით “სბერბანკისთვის”, რომელიც რუსული საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ისინი ენერგეტიკის საკითხებსაც განიხილავენ.

ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს “ჭკვიანური მექანიზმების” შემუშავებაზე იმისთვის, რომ სანქციების შემდეგ პაკეტში ნავთობიც მოხვდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ სჯერა, უკრაინას ომის მოგება შეუძლია, “გამარჯვება კი ქვეყანაში კვლავ მშვიდობის დამყარებას ნიშნავს”.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულების შესახებაც:

“მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დამნაშავეებს თავიანთი სისასტიკისთვის საერთაშორისო სასამართლო დასჯის. ჩვენ უკრაინასთან ერთად შევქმენით საგამოძიებო ჯგუფი, რათა საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაცია მივაწოდოთ. რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების უამრავი მტკიცებულება არსებობს. მაგრამ, არამხოლოდ უშუალო დამნაშავეები, არამედ ამ ომზე პასუხისმგებელი პირებიც უნდა დაისაჯონ. ომზე, რომელმაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პუტინი ამ ომზე პასუხისმგებელია, მან შეჭრის ბრძანება გასცა”, – თქვა ლეიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა ამავდროულად უნდა მოემზადოს იმ ფაქტისთვის, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ომი “თვეები ან წლებიც” გაჭიანურდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი