ახალი ამბები

„მასკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია შტორმმა ჩაშალა — უკრაინული მხარე

15 აპრილი, 2022 • 2747
„მასკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია შტორმმა ჩაშალა — უკრაინული მხარე

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის საზღვაო გვარდიის პრესმდივანი, ნატალია გუმენიუკი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ სარაკეტო კრეისერ „მასკვადან“ ეკიპაჟის ევაკუაცია შტორმის გამო ვერ მოახერხა.

„ჩვენ ვადევნებდით თვალს, როგორ ცდილობდნენ სხვა ხომალდები [„მასკვას“] დახმარებას, მაგრამ ბუნების ძალაც კი უკრაინის მხარეს იყო. შტორმმა მათ არც სამაშველო ოპერაციის მშვიდად ჩატარების და არც ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება არ მისცა“, – განაცხადა გუმენიუკმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გემის დაზიანების შემდეგ ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა და ისინი სხვა გემებზე გადასხეს.


13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში „მასკვას“ უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა

მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა, თუმცა უკრაინის თავდასხმა არ უხსენებია.

14 აპრილს, გვიან ღამით გავრცელებულ ცნობებში „რია“ წერდა, რომ ხომალდი შტორმის დროს ჩაიძირა.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, „მასკვას“ ღირებულება„ დაახლოებით„ 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მასკვას“ დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო.

აღნიშნული გემი 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ასევე, სირიისა და ყირიმის ანექსიის კამპანიებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი