სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაგან კერობიანის ცნობით, სომხეთი რუბლში გადაიხდის რუსული გაზის საფასურს. მინისტრს ციტირებს რუსული სახელმწიფო გამოცემა რია-ნოვოსტი.
“რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი რამდენიმე გადახდა, შესაბამისი კურსით, რუსულ რუბლში განხორციელდა,”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ფასი განსაზღვრულია აშშ დოლარში, თუმცა, გადახდა ხდება რუბლში.
რია-ნოვოსტის ცნობით, “გაზპრომის” ოფიციალური წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი ადასტურებს, რომ არსებული კონტრაქტი აქამდეც აძლევდა სომხეთს საშუალებას, გაზის საფასური რუბლში გადაეხადა.
როგორც azatutyun.am წერს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ რუსული გაზის ყიდვა რუბლში სომხეთისთვის სასარგებლოცაა – “თუ ჩვენ ფასს რუბლში დავაფიქსირებთ, ეს დიდი წარმატება იქნება, რადგან დღეს არსებობს პრობლემა, როდესაც ჩვენს ექსპორტიორებს, რომლებიც რუბლის კურსის პროგნოზებს ვერ აკეთებენ, საკმაოდ უჭირთ რუსულ რუბლში ექსპორტის შეფასება. თუ ჩვენ დავაფიქსირებთ ფასს რუბლში, ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ექსპორტიორებსაც ფიქსირებული კურსით გადავუხადოთ”.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „არამეგობრული ქვეყნები“ რუსეთისგან ბუნებრივ გაზს მხოლოდ რუბლში შეიძენენ. თუმცა სომხეთი რუსეთის მოკავშირე ქვეყნად განიხილება.