ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი თურქეთს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს დიპლომატებისთვის

15 აპრილი, 2022 •
სომხეთი თურქეთს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს დიპლომატებისთვის

სომხეთმა თურქეთს დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნა შესთავაზა. ამის შესახებ იუწყება azatutyun.am სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე, ვაან უნანიანზე დაყრდნობით.

“სომხური მხარე თანახმაა, თამამი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, საგარეო საქმეთ მინისტრის მონაწილეობით დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და ეკონომიკური ემბარგოს გაუქმებით. ავიამიმოსვლის აღდგენა სომხეთსა და თურქეთს შორის ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი ნაბიჯია.

დარწმუნებული ვართ, რომ წინსვლის ერთადერთი გზა არის მკაფიო უწყვეტი ნაბიჯები. მაგალითად, ჩვენ თურქულ მხარეს შევთავაზეთ, პირველ ეტაპზე გაიხსნას სახმელეთო საზღვარი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა თურქული მხარე არ ჩქარობს ამას. ვფიქრობთ, ეს იქნება მცირე, მაგრამ არსებითი და ლოგიკური ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში მივაღწევთ შედეგს”, – განაცხადა  სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, თამამი ნაბიჯები გადაიდგას.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ თურქეთსა და სომხეთს არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ გარკვეული წინაპირობებით ურთიერთობების დალაგების მზაობასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი