ახალი ამბები

Москва-ზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა ხომალდებმა უკან დაიხიეს – მედია

14 აპრილი, 2022 • 2432
Москва-ზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა ხომალდებმა უკან დაიხიეს – მედია

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირის ცნობით, უკრაინის მიერ რუსულ სარაკეტო კრეისერ Москва-ზე შეტევისა და ხომალდზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, შავი ზღვის ჩრდილოეთით ექვსმა რუსულმა საბრძოლო ხომალდმა სამხრეთისკენ დაიხია.

„ამ დროისთვის ისინი სანაპიროსგან 80 საზღვაო მილით არიან დაშორებულნი“, – განაცხადა თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით ამერიკულ მედიებთან, – „თუმცა გემები მოძრაობენ და ვერ ვივარაუდებ, სად იქნებიან ამ მომენტიდან ერთ საათში“.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანია. ამის შესახებ ექსპერტების შეფასებებს BBC აქვეყნებს.

Moskva სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა. გუშინ, 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში Moskva-ს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა.

აშშ-ის საზღვაო ომის კოლეჯში რუსეთზე კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მაიკლ პეტერსენის შეფასებით, ჯერ ადრეა იმის შესახებ საუბარი, რა მოხდა რეალურად, თუმცა “იკვეთება, რომ უკრაინელებმა ზღვაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი