ახალი ამბები

გერგიევის ნიუ იორკული პენტჰაუსის დასამტკიცებლად, ნავალნის გუნდმა მისი ავტოგრაფი გამოიყენა

14 აპრილი, 2022 • 2337
გერგიევის ნიუ იორკული პენტჰაუსის დასამტკიცებლად, ნავალნის გუნდმა მისი ავტოგრაფი გამოიყენა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა იმის დასამტკიცებლად, რომ პუტინთან დაახლოებული დირიჟორი და მარიინსკის თეატრის გენერალური დირექტორი, ვალერი გერგიევი ნიუ იორკის ცენტრში აპარტამენტებს ფლობს, მუსიკოსს ავტოგრაფი გამოართვა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებას შეადარა.

ნავალნის გუნდის თქმით, „პუტინის ომის დირიჟორი“ ნიუ იორკში, მეტროპოლიტენ ოპერადან სამი წუთის სავალზე, 2.5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების, 165 კვადრატული მეტრის ფართობის პენტ-ჰაუსს ფლობს და 15 წელია დეკლარაციებში მალავს აღნიშნულ უძრავ ქონებას.

საგამოძიებო ვიდეორგოლის ავტორების თქმით, ვალერი გერგიევის ხელმოწერით ნასყიდობის დოკუმენტიც იძებნება. იმის დასადასტურებლად, რომ საუბარი მართლაც ცნობილ დირიჟორზეა და არა ვინმე სხვაზე იმავე სახელით და გვარით, ნავალნის გუნდი 2022 წლის 23 თებერვალს მილანში გერგიევის დირიჟორობით ოპერას დაესწრო და რუს მაესტროს ავტოგრაფი გამოართვა, რომელიც შეადარეს აშშ-ის რეესტრიდან ამოღებულ დოკუმენტს.

ნავალნის გუნდი აღნიშნავს, რომ ეს გერგიევის ბოლო კონცერტი იყო ევროპაში,ვინაიდან წარმოდგენიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა.

გერგიევის ქონებაზე საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადება ალექსეი ნავალნიმ 2019 წელს დაიწყო. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის გუნდის წევრებმა ვიდეო  დასრულებული სახით დღეს, 14 აპრილს, გახადეს საჯარო.

საგამოძიებო სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ გერგიევი იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროსა და ვენეციაშიც ფლობს  უძრავ ქონებას. სიუჟეტის ავტორები გერგიევს ჩრდილოვან „საგარეო საქმეთა მინისტრად“ მოიხსენიებენ, რომელსაც ევალებოდა დასავლეთში რუსეთის სახედ ყოფნა და პუტინის დანაშაულებებიდან ყურადღების გადატანა:

„2008 წლის აგვისტოში, რუსული ჯარების საქართველოში შეჭრიდან მალევე, გერგიევმა კონცერტი ცხინვალში ჩაატარა. სირიაში ომის დროს კი რუსმა დირიჟორმა კონცერტი პალმირში გამართა და პალმირის გათავისუფლებისთვის პუტინისგან ორდენიც მიიღო. ის პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული და მის მხარდასაჭერად ვიდეორგოლი გაავრცელა”, – აცხადებენ ნავალნის გუნდის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი