ახალი ამბები

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

14 აპრილი, 2022 • 793
ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელიც შვილზე და მისი თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობდა. შსს-ს ცნობით, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს და მეუღლის დედასაც, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შსს-ს ინფორმაციით, კაცს ბრალი ედება მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობაში, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, მის მიმართ განხორციელებული ძალადობაში, მუქარასა და ნივთის დაზიანებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი