ახალი ამბები

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის ოფიციალური მოწინააღმდეგეები იქნებიან – მედვედევი

14 აპრილი, 2022 • 1926
ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის ოფიციალური მოწინააღმდეგეები იქნებიან – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, ისინი რუსეთში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად აღიქმებიან.

მან ეს განცხადება ტელეგრამის არხის მეშვეობით გაავრცელა.

მისი განცხადებით, ალიანსი ფინეთისა და შვედეთის მიღებას, მინიმალური ბიუროკრატიის პირობებში, მარტივად აპირებს.

მედვედევის თანახმად, ნატო-რუსეთის საზღვარი ამ ქვეყნების ალიანსში მიღების შემდეგ ორჯერ გაიზრდება, ხოლო რუსეთი გააძლიერებს საკუთარი საზღვრების დაცვას.

შვედეთისა და ფინეთის მთავრობების განცხადებით, მათ აქვთ სურვილი, საკუთარი ქვეყნები ნატოში გაწევრიანდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადება უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ გააკეთეს.

ომის დაწყებამდე რუსეთი  დასავლეთს სთხოვდა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოებულიყო.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს ქალაქებს. ომს ამ დრომდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 200-მდე ბავშვია. რამდენიმე ქალაქი მიწასთან არის გასწორებული. საომარი მოქმედებები გრძლდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი