ახალი ამბები

ოპოზიცია უკრაინაში ცალკე დელეგაციით გაემგზავრება – დეკანოიძე

13 აპრილი, 2022 • 1185
ოპოზიცია უკრაინაში ცალკე დელეგაციით გაემგზავრება – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია უკრაინაში „ცალკე დელეგაციით“ გაემგზავრება.

„ოპოზიცია წავა ცალკე დელეგაციით, როგორც თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს არის სწორი პოზიცია.

უკრაინაში წასვლაზე შიდა დაპირისპირება მართლაც მძიმეა, როცა ჩვენი მეგობრები რაშიზმის წინააღმდეგ ომში არიან. ალბათ, (ასე) არსად ხდება.

თუმცა კარგია, რომ ოპოზიცია დარჩა ერთიანი და ცალკე ვიზიტს განახორციელებს უკრაინაში.
იმედია, ეს ერთიანობა შენარჩუნდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თავად დააკომპლექტებდა უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციას.

როგორც პაპუაშილი აცხადებდა, ვინაიდან უკრაინაში ომია, დელეგაცია შემჭიდროებული იქნებოდა და დელეგაციაში ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან ვერ იქნებიან წარმოდგენილები.

გუშინ პარლამენტის წევრები აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო დეგელეგაციაში „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ყველა საპარლამენტო ჯგუფიდან იქნებოდნენ წარმომადგენლები, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად უკრაინელი კოლეგის მიწვევაზე უარი თქვა და უკრაინაში ჩასასვლელად წინაპირობები წაუყენა, დღეს, 13 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ  დელეგაცია უკრიანაში წავიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი